ფუტკარაძეთა საგვარეულო
2024 წელს საქართველოში 8689 ფუტკარაძე ცხოვრობდა და ქვეყანაში გავრცელებულ 15000-ზე მეტ გვარს შორის 25-ე ადგილზე იყო.
2024 წელს საქართველოში 8689 ფუტკარაძე ცხოვრობდა და ქვეყანაში გავრცელებულ 15000-ზე მეტ გვარს შორის 25-ე ადგილზე იყო.
საქართველოში გვარი ფუტკარაძე ერთ-ერთი უძველესია და მოხსენებულია XII – XIII საუკუნეების გვარების ნუსხაში - ,,ტბეთის სულთა მატიანე”. 588 მოსახსენებელს შორის მოიხსენიება ,,მეფუტკრიეთ ივანე და მეფუტკრისძე გუგუნა”. გვარს სათავე დაუდო ვინმე ფუტკარამ, რომლის ფუძედ გამოყენებულია მწერის სახელი ფუტკარი. ფაქტობრივად, გვარის ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს სამეურნეო საქმიანობა, კერძოდ, ფუტკრის მოშენება. გამომდინარე აქედან, დასახლებულ ადგილს საფუტკრეთი ეწოდა, ხოლო აქაური მაცხოვრებლები, თავიანთი სამეურნეო საქმიანობიდან გამომდინარე, ფუტკარაძეებად იწოდებოდნენ. სწორედ ასეთი სოფელი იყო საფუტკრეთი, რომელიც მდებარეობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაჭახლის ხეობაში. ფაქტობრივად, სოფელი საფუტკრეთი იყო ფუტკარაძეთა გვარის თავდაპირველი საცხოვრისი კერა, ანუ „ბუდე“, საიდანაც მოხდა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მათი განსახლება.
საქართველოში 2024 წელს, 8689 ფუტკარაძე ცხოვრობდა და მათი რაოდენობა, ქვეყანაში გავრცელებულ 15000-ზე მეტ გვართა შორის, 25-ე ადგილზეა. ფუტკარაძეები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ. კერძოდ, ქალაქ ბათუმში - 2270, შუახევის მუნიციპალიტეტში - 1686, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში - 1313, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - 520, ქობულეთის მუნიციპალიტეტში - 459, ქალაქ თბილისში - 384, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში -301, ქალაქ ქუთაისში - 174, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში - 161, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - 138, ვანის მუნიციპალიტეტში 98, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში - 90, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში - 89, ხონის მუნიციპალიტეტში -71, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
ფუტკარაძეთა განსახლება სოფელ საფუტკრეთიდან მოხდა თურქი დამპყრობლების შემოსვლის შემდეგ მე-16 საუკუნის 70-იანი წლებიდან ძირითადად შუახევის მუნიციპალიტეტის მარეთის ხეობაში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მიმართულებით. მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩასახლებული ფუტკარაძეები შუახევის მუნიციპალიტეტიდან არიან.
საქართველოში მცხოვრებ ქართულ გვარებს შორის ფუტკარაძეთა დიდი გვარის ადგილის გარკვევისთვის, ქვეყნის მასშტაბით განსახლებულ ფუტკარაძეების ერთმანეთთან გაცნობისა და დაახლოების მიზნით 2014 წლის 14 მაისს შეიქმნა ფუტკარაძეთა საგვარეულო საზოგადოება, რომლის პირველ თავჯდომარედ არჩეული იქნა როლანდ ფუტკარაძე, რომელიც დღესაც წარმატებით უძღვება საზოგადოების საქმიანობას. მხატვარ გურამ ფუტკარაძის და მისი შვილის დათო ფუტკარაძის მიერ 2015 წელს შექმნა და დაწერილ იქნა ფუტკარაძეთა საგვარეულო დროშა, გერბი და ხატი. 2015 წლის 29 ნოემბერს გვარი და საგვარეულო ხატი მცხეთის სამთავროს მონასტერში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ დალოცვილი და კურთხეული იქნა. იმავე დღეს, მცხეთაში გაიმართა ფუტკარაძეთა გვარის წარმომადგენელთა 150 კაციანი საზეიმო ვახშამი.
ფუტკარაძეთა საგვარეულო საზოგადოება უფლის შემწეობით და გვარის წარმომადგენელთა თანადგომით ქვეყნის განვითარებისთვის, ქართული ტრადიციებისა და იდენტობის შენარჩუნებისთვის, აგრეთვე, გვარის კონსოლიდაციის მიზნით კვლავაც აქტიურად აგრძელებს თავის საქმიანობას.
ოჯახის ისტორიის შესახებ
EMAIL: MERABIPUTKARADZE@GMAIL.COM