ადამიანის უკვდავება იწყება მისი გარდაცვალების შემდეგ.
ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ადამიანმა თავის სიცოცხლეში შექმნა და დატოვა მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა.
სიცოცხლეში ჩვენს მიერ გაკეთებული საქმე, დატოვებული შემოქმედებითი მემკვიდრეობა არის სიცოცხლის შემდეგ ჩვენი სიცოცხლის გახანგრძლივების და ცალკეულ, უფრო სწორად კი გამონაკლის შემთხვევაში უკვდავყოფის საფუძველი და გარანტი.
გენეტიკური მემკვიდრეობა გააგრძელებს ჩვენს შთამომავლობას. ..
საზოგადოებისთვის, თუნდაც სახელმწიფოსთვის და ცალკეულ შემთხვევაში კი საერთაშორისო მასშტაბითაც ადამიანის სახელი იარსებებს მანამ, სანამ ამის საშუალებას მისცემს მას მის მიერ დატოვებული შემოქმედებითი მემკვიდრეობა.
ხშირად შემოქმედებითი მემკვიდრეობის წარმოჩენა თუ დაკნინება ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული და ხდება დაუმსახურებლადაც, მაგრამ მტვერი ჰაერში ატაცებულიც მტვერია და ალმასი მიწაზე დავარდნილიც ბრწყინავს.
დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, მთავარია ადამიანმა გამოიყენოს თავისი ინტელექტუალური შესაძლებლობები და სიცოცხლეში მოასწროს მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობის შექმნა და დატოვება.
დანარჩენი კი დროისა და მომავლის საქმეა...
ამ თვალსაზრისით თუ შევხედავთ აწ გარდაცვლილი ბატონი ტარიელ ფუტკარაძის მიერ დატოვებულ შემოქმედებით მემკვიდრეობას, ის მართლაც ფასდაუდებელია ქართველოლოგიისათვის და შესაბამისად მთლიანად საქართველოსთვის.
აქ აღარ შევუდგები მისი მეცნიერული მიღწევების დახასიათებას, რაზედაც გუშინ-8 მაისს საკმაოდ კარგად აღნიშნეს ამ დარგში მისმა კოლეგებმა.
საკმაოდ აქტუალური და საინტერესო იყო საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია-ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები-XV.
ბატონი ტარიელის სამეცნიერო იდეების გაგრძელება და მისდამი ასეთი დონის კონფერენციების მიძღვნა არის სწორედ მისი უკვდავების დასაწყისი და როგორც ჩანს ეს საქმე კიდევ უფრო გაძლიერდება და გამრავალფეროვნდება.
ამის თქმის საფუძველს იძლევა ის აკადემიური დამოკიდებულება, რაც ჩანს ტარიელ ფუტკარაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობის მიმართ...
მე, როგორც ერთი რიგითი ფუტკარაძე, მადლობას მოვახსენებ ბატონი ტარიელის საპატივცემულოდ ასეთი დონის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორებს.
აქვე უნდა გავიხსენო 5 წლის წინ მისდამი მიძღვნილი კონფერენცია, რომელიც პანდემიის გამო ზუმის პლატფორმაში ჩატარდა.
მაშინ მე გამოვედი სიტყვით და მისდამი მიძღვნილი აკროსტიხი წავიკითხე, რომელიც შემდეგ კონფერენციის მასალებში დაიბეჭდა.
ვულოცავ ბატონ ტარიელს მის დაბადების დღეს იმიერში. ნათელი მის სპეტაკ სულს!