არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირის
წესდება
1. ზოგადი დებულებები
1.1. „ფუტკარაძეთა საგვარეულო კავშირი“ (შემდგომში „კავშირი“) წარმოადგენს საქართველოს
სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ, წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს.
1.2. კავშირის სრული სახელწოდება: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ფუტკარაძეთა
საგვარეულო კავშირი“.
1.3. კავშირის სამართლებრივი ფორმა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.4. კავშირის იურიდიული მისამართი: ქალაქი ბათუმი, აბუსელიძის ქუჩა N38, ბინა 29.
1.5. კავშირის ელექტრონული ფოსტა: putkaradzeebi@gmail.com
1.6. კავშირი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული
პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.7. კავშირი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით.
1.8. კავშირის პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე შემოიფარგლება მისი ქონებით. კავშირის
ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს კავშირი საკუთარი წევრების,
აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების)
ვალდებულებებისათვის.
1.9. კავშირს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი სახელით დადოს გარიგებები,
შეიძინოს პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ
სასამართლოში.
1.10. კავშირს უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს
ფილიალები/წარმომადგენლობები, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2. კავშირის მიზნები
2.1. კავშირის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს:
2.1.1. ფუტკარაძეთა გვარის ისტორიის შესწავლა;
2.1.2. საქართველოს ისტორიაში ფუტკარაძეთა გვარის ადგილის წარმოჩენა. გვარის რჩეულ ადამიანთა
ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლა და სათანდო პატივგება;
2.1.3. გვარიშვილებს შორის კავშირის და ურთიერთთანადგომის გაღრმავება, განმტკიცება;
2.1.4. გვარში არსებული სოციალურად დაუცველ ოჯახებზე ზრუნვა;
2.1.5. გვარში განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და მხარდაჭერა;
2.1.6. ახალგაზრდების მიერ განათლების მიღების ხელშეწყობა;
2.1.7. უცხოეთში მცხოვრებ გვარიშვილებთან კულტურული და ნათესაური კავშირების აღდგენა-
გაფართოება და გაღრმავება.
2.2. წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კავშირი უფლებამოსილია განახორციელოს
საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა.
3. კავშირის წევრობა და წევრთა უფლება-მოვალეობები
3.1. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის
მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლის მოქმედი, ან/და ისტორიული გვარია ფუტკარაძე.
კავშირის წევრობა არ გადაეცემა სხვა პირებს და არ გადადის მემკვიდრეობით.
3.2. კავშირის წევრად მიღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის გამგეობა, გამგეობის წევრთა
ხმების უმრავლესობით. გამგეობა უფლებამოსილია უარი უთხრას პირს წევრად მიღებაზე, თუ ის არ
აკმაყოფილებს 3.1 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და არ იზიარებს/ეთანხმება კავშირის წესდებას და
წესდებით განსაზღვრულ მიზნებს.
3.3. დაინტერესებულმა პირმა კავშირის წევრად მიღების შესახებ განცხადებით უნდა მიმართოს კავშირის
გამგეობას, რომელიც განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას წევრად მიღების,
ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ.
3.4. კავშირის წევრობის შეწყვეტის საფუძველია წევრის გარდაცვალება, კავშირიდან გარიცხვა ან გასვლა.
3.5. კავშირის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კავშირის წევრობიდან. კავშირიდან გასვლის
სურვილის მქონე წევრი ვალდებულია შესაბამისი წერილობითი განცხადებით მიმართოს კავშირის გამგეობას,
რომელიც ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებისა და წევრობის
შეწყვეტის შესახებ. თუ გამგეობა განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში არ მიიღებს გადაწყვეტილებას
წევრობის შეწყვეტის შესახებ, წევრობა შეწყვეტილად ითვლება ამ ვადის გასვლისთანავე.
3.6. კავშირის წევრი შეიძლება გარიცხულ იქნას კავშირის წევრობიდან, თუ იგი სისტემატიურად არ იხდის
საწევრო გადასახადს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სისტემატიურად ან/და არსებითად აღვევს კავშირის
წესდების სხვა მოთხოვნებს.
3.7. კავშირის წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა წესდებით დადგენილი წესით.
3.8. თუ კავშირის წევრი არ იხდის გამგეობის მიერ დადგენილ საწევრო გადასახადს, გამგეობა
უფლებამოსილია შეუჩეროს მას წევრის სტატუსი დავალიანების დაფარვამდე. დავალიანების სრულად
დაფარვიდან ერთი თვის ვადაში გამგეობა იღებს გადაწყვეტილებას წევრის სტატუსის აღდგენის შესახებ.
სტატუსის შეჩერების პერიდში სტატუსშეჩერებულ წევრს არ აქვს საერთო კრებაში მონაწილეობის
მიღების/ხმის უფლება, ასევე უფლება არჩეულ იქნას კავშირის ხელმძღვანელობით და მმართველობით
ორგანოებში.
3.9. კავშირის წევრი ვალდებულია:
3.9.1. აქტიური მონაწილეობა მიიღოს კავშირის საქმიანობაში;
3.9.2. დაესწროს კავშირის საერთო კრებას და კავშირის მიერ გამართულ შეხვედრებს;
3.9.3. მონაწილეობა მიიღოს კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
3.9.4. შეასრულოს კავშირის მმართველი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
3.9.5. დროულად გადაიხადოს საწევრო გადასახადი ასეთის არსებობის შემთხვევაში.
3.10. კავშირის წევრს უფლება აქვს:
3.10.1. მონაწილეობა მიიღოს კრებებში, კონფერენციებსა და კავშირის მიერ გამართულ სხვა ღონისძიებებში;
3.10.2. აირჩიოს და არჩეული იქნას მმართველ ორგანოებში, განსახილველად გამოიტანოს წინადადებები
კავშირის საქმიანობის გაუმჯობესების თაობაზე;
3.10.3. მიიღოს სრული ინფორმაცია კავშირის საქმიანობის შესახებ;
3.10.4. გაასაჩივროს კავშირის საერთო კრებისა და გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
სასამართლოში;
3.10.5. უარი თქვას კავშირის წევრობაზე და გავიდეს მისი შემადგენლობიდან.
4. კავშირის მართვის ორგანოები – ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
4.1. კავშირის მართვის ორგანოებია:
კავშირის წევრთა საერთო კრება;
კავშირის გამგეობა;
კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.
4.2. კავშირის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ერთპიროვნულად
ახორციელებს კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.
5. კავშირის წევრთა საერთო კრება
5.1. მართვის უმაღლესი ორგანოა კავშირის წევრთა საერთო კრება. საერთო კრების კომპეტენციას
განეკუთვნება:
5.1.1. კავშირის წესდების დამტკიცება, წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება;
5.1.2. კავშირის გამგეობის, გამგეობის თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის და მდივნის არჩევა;
5.1.3. კავშირის დარბაზის წევრების არჩევა;
5.1.4. კავშირის სარევიზიო კომისიის წევრების და თავმჯდომარის არჩევა;
5.1.5. კავშირის რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
5.2. წევრთა საერთო კრება ტარდება მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტის საჭიროების
შემთხვევაში. კრებას იწვევს გამგეობის თავმჯდომარე გარდა 5.4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5.3. კრების ჩატარების შესახებ, კრების თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე, უნდა ეცნობოს
კავშირის ყველა მოქმედ წევრს, კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით. კრების ჩატარების შესახებ
შეტყობინება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას კრების ჩატარების თარიღის, დროს, ადგილის და კრებაზე
განსახილველი საკითხების შესახებ.
5.4. გამგეობის წევრს, დარბაზის წევრს, წევრთა არანაკლებ 20 კაციან ჯგუფს უფლება აქვს მიმართოს
გამგეობის თავმჯდომარეს წევრთა საერთო კრების მოწვევის მოთხოვნით და წარუდგინოს მას კრებაზე
განსახილველი საკითხების დღის წესრიგი. გამგეობის თავმჯდომარე ვალდებულია ასეთი მოთხოვნის
მიღებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს კრების მოწვევა და ჩატარება.
5.5. იმ შემთხვევაში, თუ გამგეობის თავმჯდომარე 2 თვის ვადაში არ მოიწვევს და ჩაატარებს კრებას, 5.2
პუნქტში დასახელებულ პირებს უფლება აქვთ თვითონ მოიწვიონ კრება წესდებით დადგენილი
პროცედურების დაცვით.
5.6. კრების გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით, ხოლო
გადაწყვეტილება წესდების შეცვლის თაობაზე- დამსწრეთა 2/3-ით. კავშირის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმა.
6. კავშირის გამგეობა
6.1. კავშირის გამგეობა შედგება შვიდი წევრისაგან. კავშირის გამგეობას 3 წლის ვადით ირჩევს კავშირის
წევრთა საერთო კრება. საერთო კრება გამგეობის შემადგენლობიდან გამგეობის უფლებამოსილების ვადით
ირჩევს გამგეობის თავმჯდომარეს, ორ თანათავმჯდომარეს და მდივანს. გამგეობის, თავმჯდომარის,
თანათავმჯდომარეების და მდივნის უფლებამოსილება გრძელდება ახალი გამგეობის არჩევამდე. გამგეობის,
თავმჯდომარის, თანათავმჯდომარის ან/და მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
ტარდება რიგგარეშე არჩევნები.
6.2. კავშირის გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება:
6.2.1. კავშირის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულება;
6.2.2. კავშირის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზვრა;
6.2.3. კავშირის მიზნების მისაღწევად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;
6.2.4. კავშირის თანამშრომელთა საშტატო განრიგის, სახელფასო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება;
6.2.5. წლიური ბიუჯეტის მომზადება და დამტკიცება;
6.2.6. კავშირის/საგავარეული სიმბოლიკის შემოღება და დამტკიცება;
6.2.7. კავშირის საპატიო თავმჯდომარის სტატუსის შემოღება და არჩევა;
6.2.8. საწევრო გადასახადის შემოღება-გაუქმება, ოდენობის განსაზვრდა და გადახდის წესის დადგენა.
6.2.9. კავშირის ახალი წევრის მიღების, კავშირის წევრის გარიცხვის ან წევრის სტატუსის შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილების მიღება;
6.2.10. სხვა ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტა, რომელიც წესდების შესაბამისად არ შედის საერთო კრების
კომპეტენციაში.
6.3. თავისი კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს
ხმათა უმრავლესობით.
6.4. გამგეობის საქმიანობას ხელმძღვანელობს და წარმართავს გამგების თავმჯდომარე.
6.5. გამგეობის თავმჯდომარე:
6.5.1. ერთპიროვნულად წარმოადგენს კავშირს მესამე პირებთა ურთიერთობაში;
6.5.2. გამგეობასთან შეთანხმებით განკარგავს კავშირის ქონებას და ფულად სახსრებს.
6.5.3. კორდინაციას უწევს გამგეობის საქმიანობას;
6.5.4. იწვევს და ხელმძღვანელობს კავშირის წევრთა საერთო კრებას;
6.5.5. აღასრულებს საერთო კრების და გამგეობის გადაწყვეტილებებს.
6.6. გამგეობის თავმჯდომარის არყოფნის ან უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში თავმჯდომარის
უფლება-მოვალეობებს ასრულებს გამგეობის ერთერთი თანათავმჯდომარე, თავმჯდომარის დავალებით ან
გამგეობის გადაწყვეტილებით.
6.7. გამგეობის თანათავმჯდომარეების და მდივნის უფლებამოსილებებს თავისი კომპეტენციის
ფარგლებში განისაზღვრავს გამგეობა.
7. დარბაზი
7.1. კავშირის დარბაზი წარმოადგენს კავშირის გამგეობის საკონსულტაციო ორგანოს და იგი არ
ახორციელებს კავშირის მმართველობით/ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას.
7.2. დარბაზი შედგება 24 წევრისაგან, რომელშიც ქვოტები გადანაწილებულია ტერიტორიული
პრინციპით, შემდეგნაირად: აჭარა-გურიიდან – 7 წევრი, სამეგრელო-იმერეთი – ლეჩხუმიდან – 7 წევრი,
აღმოსავლეთ საქართველოდან – 7 წევრი, თურქეთის რესპუბლიკიდან – 3 წევრი.
7.3. დარბაზის წევრებს ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით კავშირის წევრთაგან სამი წლის
ვადით ირჩევს წევრთა საერთო კრება. თითოეული ტერიტორიული ერთეულისთვის გამოყოფილი ქვოტით
კენჭისყრის უფლება აქვთ მხოლოდ კავშირის იმ წევრებს, რომლებიც არჩევის მომენტისათვის
რეგისტრირებული არიან შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში. დარბაზის პირველ შემადგენლობას კავშირის
საერთო კრება ირჩევს კავშირის რეგისტრაციიდან 4 თვის ვადაში.
7.4. დარბაზის საქმიანობას წარმართავს დარბაზის ხელმძღვანელი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან
ხმათა უმრავლესობით ერთი წლის ვადით ირჩევენ დარბაზის წევრები. თუ ხელმძღვანელის არჩევის
მომენტისათვის დარბაზის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები,
ხელმძღვანელი აირჩევა დარბაზის უფლებამოსილების გასვლამდე დარჩენილი ვადით.
8. სარევიზიო კომისია
8.1. კავშირის სარევიზიო კომისია წარმოადგენს მაკონტროლებელ ორგანოს, რომლის კომპეტენციას
განეკუთვნება კავშირის გამგეობის და გამგეობის თავმჯდომარის საქმიანობის შემოწმება.
8.2. სარევიზიო კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებსაც სამი წლის ვადით ირჩევს კავშირის საერთო
კრება. სარევიზიო კომისიის წევრთაგან საერთო კრება სამი წლის ვადით ირჩევს სარევიზო კომისიის
თავმჯდომარეს.
8.3. სარევიზიო კომისია ანგარიშვალდებულია კავშირის წევრთა საერთო კრების წინაშე.
9. საპატიო წოდებები
9.1. გვარის დამსახურებული წარმომადგენლების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვის
მიზნით კავშირის გამგეობის მიერ შესაძლებელია შემოღებულ იქნას კავშირის საპატიო თავმჯდომარის,
გვარის საპატიო წარმომადგენლის და სხვა საპატიო სტატუსი. საპატიო წოდება/სტატუსი გამგეობის
გადაწყვეტილებით შეიძლება მიენიჭოს ერთ ან რამდენიმე პირს. საპატიო სტატუსი არ გულისხმობს კავშირის
ხელმძღვანელობით ან/და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.
10. კავშირის დაფინანსების წყარო
10.1. კავშირის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს:
10.1.1. კავშირის წევრების, სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან მიღებული შემოწირულები;
10.1.2. კავშირის მიერ მოპოვებული გრანტები;
10.1.3. კავშირის წევრთა საწევრო შენატანები;
10.1.4. სხვა ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.
10.2. კავშირის წევრთა სავალდებულო საწევრო შენატანის შემოღების, მისი ოდენობის განსაზვრის და
გადახდის წესის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის გამგეობა.
10.3. კავშირის მიერ მიღებული ფულადი სახსრები, ანდა სხვა მატერიალური ქონებრივი სიკეთე
გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ კავშირის მიზნების მისაღწევად.
11. კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
11.1. კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და
წინამდებარე წესდებით დადგენილი წესით და შემთხვევებში. დაუშვებელია კავშირის სამართლებრივი
ფორმის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად.
11.2. კავშირის ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის წევრთა
საერთო კრება. კრება მოიწვევა და ტარდება ამ წესდებით დადგენილი საერთო წესით. ლიკვიდაციის ან
რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების 2/3-ით.
11.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი
ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს
უფლებამოსილ პირებს.
11.4. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი
დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.
11.5. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავს
კავშირის წევრთა საერთო კრება. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას
ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:
გასხვისება ხელს უწყობს მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;
ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს;
ქონება გადაეცემა სხვა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.
11.6. აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება კავშირის დამფუძნებლებს,
წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.
11.7. კავშირის წევრთა საერთო კრებამ არ განსაზღვრა ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების
მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო კავშირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას
გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც
აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ
პირს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს, ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ
შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ
ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან 6 თვის შემდეგ.
11.8. ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) ან კანონით
დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა
და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.
12. დასკვნითი დებულებები
12.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის/წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
12.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების
სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
12.3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შირის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში
მოქმედებს კანონი.